ადამიანების უმეტესობა გლუტენის შემცველ საკვებს უპრობლემოდ მიირთმევს. თუმცა, ზოგისთვის ის სერიოზულ გვერდით მოვლენებს იწვევს. გლუტენთან დაკავშირებული 3 ძირითადი დარღვევაა:
ცელიაკია
ცელიაკია არის ავტო-იმუნური დაავადება, რასაც გლუტენის მიმართ ალერგიული რეაქცია იწვევს. ასეთ დროს, ჩვენი იმუნური სისტემა, იგივე ორგანიზმის დაცვა, შეცდომით საკუთარ ქსოვილებს, კერძოდ კუჭის გარსს, აზიანებს. შედეგად, ორგანიზმი ვერ იღებს იმ საჭირო ნუტრიენტებს, რაც საკვებშია.
ცელიაკიის ზოგიერთი სიმპტომია მუცლის ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დარღვევა, შეკრულობა, გულისრევა და რეფლუქსი. არსებობს კიდევ უფრო სერიოზული შედეგები, რასაც ეს დაავადება იწვევს - ანემია რკინის დაქვეითების გამო, ოსტეოპოროზი - ძვლების დასუსტება, უნაყოფობა და ნერვის დაზიანება.
ცელიაკიის დიაგნოზი აუცილებლად პროფესიონალმა ექიმმა უნდა დასვას სხვადასხვა გამოკვლევის თუ ანალიზის საფუძველზე - სისხლის ანალიზი, კუჭ-ნაწლავის ბიოფსია, ენდოსკოპია.
და ბოლოს, კარგი ის არის, რომ ამ დაავადების მიერ მიყენებული ზიანი მარტივად აღდგენადია, თუ გლუტენისგან თავისუფალ დიეტას დავიცავთ.
გლუტენის მიმართ მგრძნობელობა
გლუტენის მიმართ მგრძნობელობა ანუ არა-ცელიაკური გლუტენის აუტანლობა (NCGS) არის - როდესაც განვიცდით არასასიამოვნო სიმპტომებს გლუტენის შემცველი საკვების მიღებისას. ცელიაკიისგან განსხვავებით, ასეთ დროს ნაწლავური დაზიანება სახეზე არ გვაქვს, თუმცა სხვა სიმპტომები საკმაოდ მსგავსია: დაღლილობა, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, დიარეა.
გლუტენის მიმართ მგრძნობელობა არ არის იმდენად გავრცელებული, როგორც ცელიაკია. Სამწუხაროდ, მის სამკურნალოდ ერთი კონკრეტული მიმართულება არ არსებობს, არც მის გამოსავლენად - რაიმე დიაგნოსტიკური ტესტი. მიუხედავად ამისა, ცელიაკიის გამორიცხვის შემდგომ, ექიმს შეუძლია დასვას დიაგნოზი გრძელვადიანი დაკვირვების საფუძველზე. იმ ადამიანების უმეტესობა კი, ვისაც აღნიშნული აწუხებს, უბრალოდ ცდილობს მოერიდოს გლუტენს.
ალერგია ხორბალზე
ალერგია ხორბალზე არაფრით გამოირჩევა სხვა ალერგიებისგან. ცელიაკიისგან და გლუტენის მიმართ მგრძნობელობისგან განსხვავებით, ეს არის ალერგია მასში შემავალ ერთ ან რამდენიმე ცილაზე - ალბუმინი, გლუტენი, გლიადინი და გლობულინი. როგორც სხვა ალერგიის შემთხვევაში, რეაქცია ხდება, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ხორბლის პროტეინებს შეცდომით საფრთხედ აღიქვამს. თუმცა, ამ დროს არ ზიანდება კუჭის გარსი.
სიმპტომები შემდეგში გამოიხატება: გაძნელებული სუნთქვა - ასთმა, გამონაყარი კანზე, პირის ღრუს და ყელის შესიება და სხვა უფრო მწვავე სიმპტომები. მისი დადგენა შესაძლებელია ანალიზის საფუძველზე.
დიეტა - გლუტენის გარეშე
ყველაზე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს - არ არსებობს გლუტენისგან თავისუფალი დიეტა, რომელიც ყველას მოერგება. პირველ რიგში, აუცილებელია ინდივიდუალური კონსულტაცია შესაბამის ექიმ-დიეტოლოგთან თუ ნუტრიციოლოგთან, რომ დავადგინოთ კონკრეტულად რომელი პროდუქტებით შეიძლება ჩვენთვის საჭირო ნუტრიენტების მიღება.
კვების რაციონიდან გლუტენის ამოღება ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ხორბლის, ქერის, ჭვავის და შესაძლოა შვრიის პროდუქტებზეც. ყველა ჩამოთვლილი მთელმარცვლოვანია, ანუ შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და სხვა მნიშვნელოვან ნუტრიენტებს - B ვიტამინს, მაგნეზიუმს და რკინას. შესაბამისად, მოგვიწევს ეს ნუტრიენტები ალტერნატიული პროდუქტებით ავინაზღაუროთ.
გარდა ბოსტნეულისა და ხილისა, არსებობს სხვა ტიპის მთელმარცვლოვნები, რომლებიც არ შეიცავენ გლუტენს - ქინოა, ყავისფერი/წითელი/შავი ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდი, ფეტვი, ამარანტი, სორგო, ტეფი და შვრია, რომელიც არ შეიცავს გლუტენს.
ავტორი: Tiphaine Boulin, ნუტრიციოლოგი