პური, როგორც ადამიანების საკვები, საუკუნოვან ისტორიას ითვლის. დღეს კი უკვე ჩნდება კითხვა - სჯობს თუ არა მთელმარცვლიანი პური თეთრ პურს? განვიხილოთ ორივე სახეობის უპირატესობები და განსხვავებები: 


რა არის მთელმარცვლიანი პური? 


მთელმარცვლიანი პური მზადდება მთელმარცვლიანი ფქვილისგან. სახელიც მიგვანიშნებს, რომ ის შეიცავს მთლიან მარცვალს, რომელიც მდიდარია B ვიტამინით, უჯრედისით, ფოლიუმის მჟავით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, პროტეინით, ანტიოქსიდანტებით, მიკრონუტრიენტებით და ფიტოქიმიკატებით.


მარცვლის შემადგენლობა ასეთია:


- გარსი, იგივე ქატო  - შეიცავს უჯრედისს, ვიტამინებს და მინერალებს.

- შიდა შრე, იგივე ჩანასახი - მდიდარია ნუტრიენტებით.

- ცენტრალური შრე, იგივე ენდოსპერმა - შეიცავს სახამებლიან გლუტენის პროტეინს.


რა არის თეთრი პური? 

თეთრი პური მზადდება რაფინირებული თეთრი ფქვილისგან, რომელშიც მხოლოდ ენდოსპერმაა შენარჩუნებული. გადამუშავების პროცესში, ფქვილი ხდება უფრო თეთრი და ნუტრიენტების და უჯრედისის თავდაპირველ წყაროს კარგავს. 


რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის - თეთრი თუ მთელმარცვლოვანი პური?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელმარცვლიანი პური გაცილებით მეტ უჯრედისს და მიკრონუტრიენტს შეიცავს, ვიდრე თეთრი პური. განვიხილოთ უფრო დეტალურად: 


01. უჯრედისი

თეთრ და მთელმარცვლიან პურს შორის ძირითადი განსხვავება მათი უჯრედისის შემცველობაა: 100 გრ. მთელმარცვლიანი პური შეიცავს 7 გრამ უჯრედისს, თეთრი პური - 2.9 გრამს. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან კვების ჯანსაღი რაციონი ყოველდღიურად უნდა მოიცავდეს 25-დან 35-მდე გრ. უჯრედისს, რასაც მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის: მომნელებელი სისტემის სიჯანსაღე და კუჭ-ნაწლავის მიკრო ფლორას მრავალფეროვნება, წონის მომატების რისკის შემცირება ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნების ხარჯზე, გულ-სისხლძარღვთა, მე-2 ტიპის დიაბეტის და კოლორექტული სიმსივნის დაავადებების რისკის შემცირება. 


რეალობაში რომ გადმოვიტანოთ, მთელმარცვლიანი პურის 1 ნაჭერი (50 გ.) გვაძლევს 3.5 გრამ უჯრედისს და იგივე რაოდენობის თეთრი პური - 1.4 გრამს. 


02. მიკრონუტრიენტების შემცველობა

მიკრონუტრიენტები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. მათ ნაკლებობას შესაძლოა საზიანო შედეგები მოყვეს. მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად მრავალნაირი სახის მიკრონუტრიენტი მივიღოთ საკვების სახით.


ბუნებრივად, მთელმარცვლიანი პური მეტ მიკრონუტრიენტს შეიცავს, რადგან მის დასამზადებლად გამოყენებული ფქვილი არ არის დამუშავებული და შენარჩუნებული აქვს სასარგებლო თვისებები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი თეთრი პური სრულიად დაცლილია ნუტრიენტებისგან. ბოლო წლებია, დამკვიდრებული პრაქტიკაა თეთრი ფქვილის რკინით და ფოლიუმის მჟავით გამდიდრება - პროცესი, როდესაც ფქვილს ხელოვნურად უმატებენ აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს, რადგან დამუშავებისას კარგავს მიკრონუტრიენტებს. 


მიუხედავად ამისა, მთელმარცვლიანი პური გაცილებით მეტ B ვიტამინს, მაგნეზიუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, თუთიას და მანგანუმს შეიცავს.


საბოლოოდ, უნდა ვამჯობინოთ თუ არა მთელმარცლიანი პური თეთრს? 

მოკლე პასუხია - დიახ. როდესაც არჩევანი ამ ორ სახეობას შორის გვაქვს, მთელმარცვლიანი პური უფრო სასარგებლოა. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ თეთრი პური არ შეიძლება იყოს ჯანსაღი და დაბალანსებული კვების რაციონის ნაწილი. 




ავტორი: Tiphaine Boulin, ნუტრიციოლოგი