D ვიტამინს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია - განწყობის გაუმჯობესება, ძვლების სიმტკიცე, ძლიერი იმუნიტეტი.

რა განსაზღვრავს მის დონეს ჩვენს ორგანიზმში და უნდა მივიღოთ თუ არა ვიტამინი დანამატის სახით?


D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები 

იმისათვის რომ დროულად აღმოვაჩინოთ და აღმოვფხვათ მისი ნაკლებობით გამოწვეული რისკები, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ყველა ის ნიშანი თუ სიმპტომი, რაც D ვიტამინის დეფიციტს ახლავს თან.

ყველაზე საყურადღებო ნიშნებია: 

- გადაღლილობა და დაქანცულობა

- სახსრების და ძვლების ტკივილი

- კუნთების სისუსტე და ტკივილი

- ხასიათის ცვალებადობა - შფოთვა, გაღიზიანება ან დეპრესია

- თმის ცვენა

- მაღალი არტერიული წნევა

- დასუსტებული იმუნიტეტი - ინფექციების მომატებული რისკი

- ფერმკრთალი კანი და სიმუქე თვალების ირგვლივ.


რა ფაქტორები ახდენს გავლენას D ვიტამინის დონეზე? 

D ვიტამინის დონის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მზის სინათლეა. თუმცა, არსებობს სხვა ფაქტორებიც:


- სეზონი და ადგილმდებარეობა

განედი დიდწილად განსაზღვრავს რა დონით აღწევს ჩვენამდე მზის სინათლე. ზამთარში მზე ნაკლები რაოდენობითაა. ზაფხულში დაგროვილი D ვიტამინის მარაგი მთელი სეზონი, როგორც წესი, არ ძლებს. ამასთან, რაც უფრო მეტად ვართ ვართ ეკვატორიდან დაშორებული, მით ნაკლები მზე აღწევს ჩვენამდე, განსაკუთრებით კი ზამთარში. 


- ასაკი

ასაკთან ერთად, ჩვენი კანი თხელდება, რაც ართულებს D ვიტამინის გამომუშავებას. ამასთან თუ ავადმყოფობის ან სისუსტის გამო უფრო მეტ დროს სახლში ვატარებთ, შესაბამისად მზის დასხივებას საკმარისი დოზით ვეღარ ვიღებთ. 


- კანის პიგმენტაცია

როდესაც კანში მელანინის, ანუ მუქი პიგმენტის, დონე მაღალია, ეს იცავს კანს UV დასხივებისგან, რაც თავის მხრივ ხელს უშლის D ვიტამინის გამომუშავებას, რადგან მზის სხივები ვერ აღწევს კანის საჭირო შრემდე. 


- ტანსაცმელი

ტანსაცმელმა, რომელიც ჩვენი კანის უმეტეს ნაწილს ფარავს სამედიცინო, კულტურული, სოციალური თუ რელიგიური მიზეზებიდან გამომდინარე - შესაძლოა შეასუსტოს ჩვენი კანის უნარი გამოიმუშაოს D ვიტამინი.


- მზის დამცავის გამოყენება

მზის დამცავი გვიცავს დამწვრობისგან, მაგრამ ამავდროულად ამცირებს D ვიტამინის გამომუშავებას. მიუხედავად ამისა, აუცილებელია მისი გამოყენება ყოველდღიურად მრავალი სხვა მიზეზის გამო - კანის დამწვრობის, დაზიანების ასარიდებლად და კანის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად.


მოკლედ, უნდა მივიღოთ თუ არა D ვიტამინის დანამატი? 

ზოგიერთი ქვეყანა რეკომენდაციის სახით გასცემს, რომ მოსახლეობამ ზამთარში D ვიტამინის დანამატი ყოველდღიურად მიიღოს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ოქტომბრიდან მარტამდე  პერიოდში, 4 წლის ზემოთ ბავშვებისთვის რეკომენდაციაა D ვიტამინის მინიმუმ 400 IU საერთაშორისო ერთეული, იგივე 10 მიკროგრამი ყოველდღიურად.


ზოგადად, D ვიტამინის დანამატი კარგი დამხმარეა დეფიციტის დროს, თუმცა აუცილებელია ანალიზით დავადგინოთ გვჭირდება თუ არა ან/და რა დოზით. 


შესაძლებელია საჭიროზე მეტი D ვიტამინი მივიღოთ? 

ძალიან რთულია მზის სინათლეზე საჭიროზე მეტი D ვიტამინი გამომუშავდეს, რადგან ამ პროცესს ჩვენი ორგანიზმი არეგულირებს.

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ზედმეტი D ვიტამინი მივიღოთ დანამატის სახით, რაც გამოიწვევს კალციუმის დონის ზრდას, მის დაგროვებას და საბოლოოდ, ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგს - გულის და ღვიძლის დაზიანებას. ზოგადი რჩევაა, რომ ყოველდღიურად 4000 IU, იგივე 100 მიკროგრამზე (μg) მეტი არ მივიღოთ.


საბოლოოდ, ყველაზე კარგია თუ დანამატის მიღებამდე კონსულტაციას თქვენს ექიმთან, დიეტოლოგთან ან ნუტრიციოლოგთან გაივლით.