განვიხილოთ შაქრის ნუტრიციული როლი და რა გავლენა აქვს ჭარბ შაქარს ჩვენს ჯანმრთელობაზე. 


როგორ იყენებს ჩვენი ორგანიზმი შაქარს? 

შაქრის ნუტრიციული როლი საკმაოდ მარტივია: ჩვენთვის ენერგიის უზრუნველყოფა!

ჩვენი ორგანიზმი შლის - ინელებს - საკვებ ნახშირწყლებს მარტივ შაქრად, იგივე გლუკოზად, რომელსაც ვიყენებთ ენერგიის წყაროდ. გლუკოზა შეიწოვება სისხლში და მიეწოდება იმ უჯრედებს, რომლებსაც ენერგია სჭირდებათ. ეს პროცესი იწვევს სისხლში შაქრის დონის აწევას. უჯრედის კედელში რომ შეაღწიოს, ამისათვის გამოიყოფა ჰორმონი ინსულინი, რომელიც გასაღების როლს ითავსებს. როგორც კი უჯრედები შთანთქავენ შაქარს, სისხლში შაქრის დონე იკლებს. 


გლუკოზა აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის. Ნორმალური მუშაობისთვის, მხოლოდ ჩვენს ტვინს ყოველდღიურად 120 გრ. გლუკოზა სჭირდება, რომელიც მისი ენერგიის ერთადერთი წყაროა. ჩვენი კუნთები გლუკოზას იყენებენ უცაბედი აქტივობების შესასრულებლად, თუმცა სამომავლოდ ინახავენ კიდეც გლიკოგენის ფორმით. 

დასკვნა ის არის, რომ ნახშირწყლების შემცველი საკვები დაბალანსებული ჯანსაღი დიეტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც, რეკომენდებულია ნახშირწყლების მიღება ყოველი კვების დროს. 


შაქარი და ჩვენი ჯანმრთელობა

განვიხილოთ რა გავლენა აქვს შაქრის, განსაკუთრებით კი თავისუფალი/დამატებული შაქრის, ჭარბად მიღებას ჩვენს ჯანმრთელობაზე. 


შაქარი და კბილები 

Რეგულარულად, დამატებული შაქრის ჭარბი დოზით მიღება ზრდის კარიესის განვითარების რისკს. ამის მიზეზია ჩვენი კბილების ზედაპირზე ბუნებრივად არსებული ბაქტერიები. ისინი შაქრის მჟავად გარდაქმნით ნელ-ნელა კბილის ემალს შლიან და შედეგად ჩნდება ღრმულები. 

იმისათვის რომ შევამცირით კარიესის რისკი და კბილის ემალი შევინარჩუნოთ/გავამაგროთ - აუცილებელია თავისუფალი შაქრის შემცველი საკვების შემცირება და ორალური ჰიგიენის დაცვა.


შაქარი და წონა 

შაქრის მცირე რაოდენობა წონის მატებას არ გამოიწვევს. თუმცა, როდესაც ვიღებთ დამატებულ შაქარს ჭარბი დოზით, ანუ იმაზე მეტ კალორიას ვიდრე ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება, ეს უკვე წონაში მატებას გამოიწვევს. ეს არ ნიშნავს, რომ წონაში მატება მხოლოდ თავისუფალი შაქრის შემცველი საკვების ჭარბად მიღებით ხდება. ნებისმიერი საკვებიდან მიღებული საჭიროზე მეტი კალორია შესაძლოა გახდეს წონაში მატების მიზეზი. 


შაქარი და დიაბეტი 

დიაბეტი არის დაავადება, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინის საკმარის რაოდენობას ან ვერ იყენებს მას სათანადოდ, ანუ ამ დროს შაქრის შთანთქმა უჯრედში ვერ ხდება და სისხლში შაქრის დონე მაღალი რჩება. სისხლში შაქრის ქრონიკულად მაღალი დონე აზიანებს გულს, თვალებს, ფეხებს და ღვიძლს. არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ტიპი - 1 და 2.

ტიპი 1 დიაბეტი არ არის შაქრის გადაჭარბებული მიღებით გამოწვეული. ეს დაავადება ავტო-იმუნური რეაქციის შედეგად ვითარდება - ანუ როდესაც ჩვენი ორგანიზმი შეცდომით თავს ესხმის საკუთარ თავს.  როგორც წესი, ტიპი 1 დიაბეტის გამოვლენა ადრეულ ასაკში ხდება. 

ტიპი 2 დიაბეტის დროს, საქმე უფრო რთულადაა. ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება წლების მანძილზე და ჩვეულებრივ, მისი გამოვლენა უფრო გვიან ხდება. ის არ არის მხოლოდ დამატებული შაქრით გამოწვეული, თუმცა არის მათ შორის სხვა კავშირი: დამატებული შაქრის ჭარბად მიღება იწვევს წონაში მატებას/სიმსუქნეს, რა დროსაც ასეთი დიაბეტის განვითარების რისკი უფრო მაღალია. მიუხედავად ამისა, ბევრი შაქრიანი სასმლის, მაგალითად გაზიანი სასმლის მიღება, პირდაპირ კავშირშია ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკის ზრდასთან.


შაქარი და გულის ჯანმრთელობა

დიეტა და ცხოვრების წესი დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს არტერიულ წნევას და გულის ჯანმრთელობას. დამატებული შაქრის ჭარბი მიღება იწვევს მაღალ წნევას, რაც თავის მხრივ გულის დაავადების რისკს ზრდის. დამატებით, ჭარბი წონა და სიმსუქნე გულის შეტევის და ინსულტის რისკის ხელშემწყობი ფაქტორებია. 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ხილში, ბოსტნეულში და რძის პროდუქტებში შემავალი ბუნებრივი შაქარი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და პირიქით დიაბეტის და გულის დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს. ასეთ საკვებში შემავალი ნუტრიენტები და უჯრედისი შაქრის შთანთქმის პროცესს ანელებს და ეფექტურად აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს.