იმუნურ სისტემას ვერ გავაძლიერებთ, თუმცა შეგვიძლია მის ნორმალურ ფუნქციონირებას შევუწყოთ ხელი. გთავაზობთ მარტივად შესასრულებელ რჩევებს:
დააბალანსეთ კვების რაციონი
მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება ჯანმრთელობისთვის ძალიან ნიშვნელოვანია. კვება გვეხმარება იმ ნუტრიენტების მიღებაში, რომლებიც იმუნურ სისტემას ენერგიისთვის ესაჭიროება. სწორი კვება განსაკუთრებით საყურადღებოა ავად ყოფნის დროს, რადგან ამ დროს იმუნიტეტს ჩვეულზე მეტი ენერგია სჭირდება.
კვება დაბალანსებულია, როდესაც რაციონში შედის დიდი რაოდენობით მცენარეული საკვები - ხილი, ბოსტნეული, ლობიო, ბურღულეული, თხილეული და მარცვლეული, ასევე ზომიერი რაოდენობით - რძე და რძის პროდუქტები, თევზეული, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი და კვერცხი და შეზღუდული რაოდენობით - წითელი და გადამუშავებული ხორცი.
ეცადეთ საკმარისად გეძინოთ
ძილსა და იმუნურ ფუნქციებს შორის მჭიდრო კავშირია. ძილის დროს, ჩვენი იმუნური სისტემა ცილების ერთ-ერთ სახეობას, ციტოკინებს გამოყოფს, რომლებიც ჩვენს იმუნურ სისტემას რეაგირებაში ეხმარება.
ძილის ნაკლებობა - ანუ არასაკმარისი ან ცუდი ძილი - უარყოფითად აისახება იმუნურ სისტემაზე, რადგან ამ დროს ციტოკინების წარმოქმნა მცირდება, იმატებს ავად გახდომის ალბათობაც. ზრდასრულთა უმეტესობისთვის ძილის ოპტიმალური დრო 7-8 საათია.
ივარჯიშეთ რეგულარულად
ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალება ვარჯიშია. რეგულარული ფიზიკური აქტივობის სარგებლიანობა უსასრულოა: უკეთესი ძილი და განწყობა, ბალანსი, კოორდინაცია, გულის და ტვინის ჯანმრთელობა, ძვლების სიჯანსაღე და ა.შ.
იმუნური სისტემის ჭრილში, რეგულარული, ზომიერი ვარჯიში ავად გახდომის რისკებს ამცირებს და სიმპტომებს ამსუბუქებს. გაითვალისწინეთ, დასვენების და ენერგიის აღდგენის გარეშე ჭარბი ვარჯიში უკურეაქციას იწვევს. ივარჯიშეთ რეგულარულად, მაგრამ, ზომიერების ფარგლებში.
მაგალითისთვის, ბევრ ქვეყანაში ზომიერი აქტივობის რეკომენდებული დოზა - ფეხით ან ველოსიპედით სიარული კვირაში 150 წუთს შეადგენს, რაც 5 დღეზე გაყოფის შემთხვევაში დღეში 30 წუთი გამოდის.
ეცადეთ ისწავლოთ სტრესთან გამკლავება
მოკლევადიანი სტრესი სასარგებლოა, რადგან გვეხმარება თავიდან ავირიდოთ სახიფათო სიტუაციები და გარკვეული დავალებები შევასრულოთ. ზოგჯერ, ის იმუნური სისტემის რეაქციასაც ეხმარება.
თუმცა, ზედმეტი და ხანგრძლივი სტრესი, ანუ ქრონიკული სტრესი, იმუნურ სისტემას აზიანებს. სტრესის კონტროლი შესაძლებელია საკმარისი ძილით, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან საუბრით, განტვირთვით, იოგას ან ტაიჩის პრაქტიკით.
თავი აარიდეთ მოწევას და ზედმეტ ალკოჰოლს
მოწევა და ჭარბი ალკოჰოლის მიღება ასუსტებს ან აუარესებს იმუნიტეტს და იმუნური პრობლემების რისკს ზრდის.