სნექებთან/წახემსებასთან დაკავშირებით აზრები ხშირად იყოფა. ამიტომ, თავი მოვუყარეთ თქვენთვის ამ თემაზე სასარგებლო ინფორმაციას. ვნახოთ რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობაზე. 


რა არის წახემსება? 

პირველ რიგში, რას ვგულისხმობთ როცა ვახსენებთ სიტყვა ‘სნექს’?

ზოგადი განმარტებით, ‘სნექი’ მოიაზრებს ისეთ მცირეოდენ საკვებს, რომელიც მიიღება სრულფასოვან, ძირითად კვებებს (საუზმე, ლანჩი, სადილი) შორის. არსებობს მრავალი მიზეზი, რატომაც გვინდება ‘სნექი’ - ენერგიის შესავსებად, ძირითად კვებამდე შიმშილის დასაკმაყოფილებლად ან უბრალოდ კონკრეტული საკვების მოთხოვნილების გამო. 


რას ვირჩევთ ასეთ დროს - სწორედ ამაშია დიდი სხვაობა.


წახემსების დადებითი მხარეები

‘სნექი’ თავისუფლად შეიძლება იყოს ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის ნაწილი. დეტალურად განვიხილოთ დადებითი მხარეები:


ენერგიის მატება

ჩვეულებრივ, ძირითად კვებებს შორის ხშირია ენერგიის კლება, განსაკუთრებით თუ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი გვაქვს. ასეთ დროს, ’სნექი’ ენერგიის შევსებასა და დღის განმავლობაში მის შენარჩუნებაში გვეხმარება, ასევე სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ვარდნას უშლის ხელს. 


მადის რეგულირება

ძირითად კვებებს შორის მცირედი წახემსება მადის რეგულირებაში გვეხმარება, რომ შემდეგი კვების დროს ჭარბად არ მივირთვათ. 


ექსტრა ნუტრიენტები

ზოგიერთი ‘სნექი’ ბევრ სასარგებლო ნუტრიენტს, ვიტამინს, მინერალს, ცილას და უჯრედისს შეიცავს, რაც უნივერსალურად სასარგებლოა, თუმცა განსაკუთრებით მათთვისაა რეკომენდებული, ვისაც უმადობა აწუხებს, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც ჩამოყალიბების ეტაპზე არიან. ასეთი ‘სნექის’ მაგალითია ხილ-ბოსტნეული, რისი მიღებაც ყოველდღიურობაში ხშირად გვავიწყდება. 


მეტი ენერგია ტვინისთვის

სწორი ფუნქციონირებისთვის, ჩვენს ტვინს უამრავი ენერგია სჭირდება - დღიურად მიღებული ენერგიის 20%-ს მხოლოდ ტვინი მოიხმარს. ასეთ დროს, ‘სნექი’ ერთგვარი საწვავის ფუნქციას ასრულებს ტვინისთვის და დამატებითი ენერგიით უზრუნველყოფს მას, რაც დღის განმავლობაში კონცენტრირებასა და ფოკუსირებაში გვეხმარება. 


Ენერგიის აღდგენა ვარჯიშის შემდგომ

ვარჯიშის შემდგომ, ცილებით და ნახშირწყლებით მდიდარი, ჯანსაღი ‘სნექი’ გვეხმარება ენერგიის შევსებაში და კუნთების აღდგენის პროცესსაც აჩქარებს.


რა უარყოფითი მხარეები აქვს წახემსებას?

მიუხედავად ზემოთ თქმული ბევრი სარგებელისა, არასწორმა წახემსებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც გამოიწვიოს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ’სნექი’ ჩვენი კვების რაციონის დამატებითი კომპონენტია და არა ძირითადი კერძი. Აქედან გამომდინარე, აუცილებელია სწორად განვსაზღვროთ ‘სნექის’ პორცია და მიღების სიხშირე. ჭარბი რაოდენობით ან/და ზედმეტად ხშირად წახემსება წონაში მატებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ზოგიერთი ‘სნექი’ ზედმეტი შაქრის, მარილის და ცხიმების წყაროა. ასე რომ, მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ‘სნექი’ და შემდგომ პორციებიც გავაკონტროლოთ.


ვერდიქტი: კარგია თუ არა წახემსება?

კიდევ ერთხელ, სწორად შერჩეული ‘სნექი’ გვეხმარება კვების რაციონის დაბალანსებაში. 

ჯანსაღი ‘სნექი’ ენერგიას გვინარჩუნებს, მადას არეგულირებს და დამატებითი ნუტრიენტების წყაროა. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ‘სნექს’ რა რაოდენობით და სიხშირით მივირთმევთ. 

შემდეგ ბლოგში შემოგთავაზებთ ჯანსაღ წახემსებთან დაკავშირებულ რჩევებს.


ავტორი: Tiphaine Boulin, ნუტრიციოლოგი


წყაროები: 

Potter M, Vlassopoulos A, Lehmann U. Snacking Recommendations Worldwide: A Scoping Review. Adv Nutr. 2018. 1;9(2):86-98. doi: 10.1093/advances/nmx003.

Miller R., Benelam B., Stanner S.A. and Buttriss J.L. Is snacking good or bad for health?. Nutrition Bulletin, 2013. 38: 302-322. https://doi.org/10.1111/nbu.12042

British Dietetic Association (BDA). Healthy Snacks: Food Fact Sheet. 2022. Retrieved May 4, 2023, from https://www.bda.uk.com/resource/healthy-snacks.html 

Havard School of Public Health. The Science of Snacking. 2021. Retrieved May 4, 2023, from https://www.hsph.harvard.edu/nutritionsource/snacking/