ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დროა D ვიტამინზე ვისაუბროთ. დავიწყოთ იმით, თუ რა არის D ვიტამინი და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი:


რა არის D ვიტამინი?
D ვიტამინი არის ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მზის სინათლეზე გამოიმუშავებს. ამიტომაც, ხშირად მას ‘მზის სხივების ვიტამინს’ უწოდებენ. D ვიტამინი გარკვეულ საკვებშიც არის, თუმცა მზე მის მთავარ წყაროდ რჩება. 
 
არსებობს ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ორი ფორმა - D2 და D3.
 
D2 vs. D3
D ვიტამინის ეს ორივე ფორმა ორგანიზმში მსგავსად მეტაბოლიზდება. განსხვავება - მათი წყაროა. 
D2 ვიტამინი მცენარეულ საკვებში გვხვდება, ხოლო D3 გამოიყოფა კანზე მზის ზემოქმედების შედეგად, ასევე ზოგიერთ ცხოველურ საკვებშიც არის - მაგ. თევზეული, კვერცხი და ა.შ.
 
რატომ არის D ვიტამინი ასეთი მნიშვნელოვანი?
D ვიტამინი სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
კბილების და ძვლების სიმტკიცის და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, კუნთების სწორი მუშაობისთვის და სპაზმების თავიდან ასარიდებლად, სიცოცხლის ყველა საფეხურზე გვჭირდება ფოსფატი და კალციუმი. სწორედ D ვიტამინია, რომელიც მათი სწრაფი შთანთქმის უზრუნველყოფით, აბალანსებს კალციუმის და ფოსფატის დონეს ორგანიზმში - ეს არის მისი მთავარი ფუნქცია.
 
Შესაბამისად, D ვიტამინის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს ძვლების დასუსტება, დეფორმირება და ა.შ. 
ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს რაქიტი - დაავადება, რომელიც ძვლების ჩამოყალიბებას აფერხებს და ფეხის ძვლების გამრუდებას იწვევს. ზრდასრულებში შესაძლოა განვითარდეს ოსტეომალაცია ან ოსტეოპოროზი (ძვლების დარბილება ან დასუსტება), რაც მოტეხილობების რისკს საგრძნობლად ზრდის. 
 
D ვიტამინს სხვა ფუნქციებიც აქვს - ანთების შემცირება, იმუნიტეტის გაძლიერება და გლუკოზას მეტაბოლიზმი - საჭმლის მონელება და ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნა. 
 
ზამთარში მზის სხივების ნაკლებობის გამო, ცხადია საკმარის D ვიტამინს ვერ ვიღებთ. მხოლოდ საკვებით კი, საკმაოდ რთულია რეკომენდებული ნორმის დაკმაყოფილება. სწორედ ამიტომაა D ვიტამინი ასეთი მნიშვნელოვანი ნუტრიენტი, რომლის დონეც მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ.
 
D ვიტამინის საკვები წყაროები
მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები D ვიტამინის საუკეთესო წყაროა, აუცილებელია გარკვეული დოზა საკვებითაც მივიღოთ:
 
- თევზეული: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი
- კვერცხის გული
- ვირთევზას ღვიძლის ზეთი
- ხორცეული: წითელი ხორცი და ღვიძლი.
- სოკო, რომელიც ულტრა იისფერი განათების ქვეშ გაიზარდა.
- მინერალებით და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები: მარგარინი, მცენარეული რძე, ბურღულეული. 
 
იმისათვის, რომ D ვიტამინის ყოველდღიური მინიმალური ნორმა დავაკმაყოფილოთ, ჩვენს კვების რაციონს ჩამოთვლილი საკვები პროდუქტები უნდა დავამატოთ.
 
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ D ვიტამინი?
ბავშვებში და ზრდასრულებში D ვიტამინის ყოველდღიური რეკომენდებული დოზაა 15 მიკროგრამი (μg), იგივე 600IU (საერთაშორისო ერთეული).
 
ზაფხულში, ამ მინიმუმს მივაღწევთ მზის რეგულარული დასხივებით (დამწვრობის თავიდან აცილებით) და დაბალანსებული კვების რაციონით. შემოდგომის და ზამთრის სეზონებზე, ზოგ ადამიანს შესაძლოა დასჭირდეს D ვიტამინის დანამატის სახით მიღება.



ავტორი: Tiphaine Boulin, ნუტრიციოლოგი


წყაროები:

NHS. Health A to Z - Vitamins and Minerals - Vitamin D. 2020. Retrieved September 10, 2022, from: https://www.nhs.uk/conditions/vitamins-and-minerals/vitamin-d/ 

World Health Organization. Vitamin and mineral requirements in human nutrition, 2nd ed. ‎2005‎. Retrieved September 10, 2022, from: https://apps.who.int/iris/handle/10665/42716 

National Institute of Health. Health Information - Dietary Supplement Fact Sheets - Vitamin D - Health Professional. 2022. Retrieved September 10, 2022, from: https://ods.od.nih.gov/factsheets/VitaminD-HealthProfessional/#en1 

​​European Food Safety Authority. Scientific opinion on dietary reference values for vitamin D. EFSA Journal 2016;14(10):4547. Retrieved September 10, 2022, from: https://www.efsa.europa.eu/en/efsajournal/pub/4547