ზამთრის მოახლოებასთან ერთად, იმუნიტეტის თემაც აქტუალური გახდა. განვიხილოთ რა არის, როგორ მუშაობს და რა ახდენს ჩვენს იმუნიტეტზე გავლენას. 

რა არის იმუნური სისტემა? 
იმუნური სისტემა ბიოლოგიური პროცესების კომპლექსური ქსელია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და დაავადებებისგან იცავს. მარტივად რომ ვთქვათ - მის გარეშე, უბრალოდ ვერ ვიცოცხლებთ.
იმუნური სისტემა ორგანოების, უჯრედების და ცილების ერთობლიობაა, რომლის მთავარი ფუნქცია ჩვენი ორგანიზმის დაცვაა გარედან შემოჭრილი მავნე აგენტებისგან - მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები - და ორგანიზმის შიდა დამაზიანებელი ცვლილებებისგან - სიმსივნური უჯრედები. 
ყოველდღიურობაში ამას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ იმუნური სისტემა შეუწყვეტელ რეჟიმში მუშაობს. უმეტესად, ის პირნათლად ასრულებს თავის სამუშაოს, თუმცა განსაკუთრებით აგრესიულ მიკრობს ხანდახან ვერ უმკლავდება და სწორედ ამ დროს ვხდებით ავად. 

როგორ მუშაობს იმუნური სისტემა? 
იმუნურმა სისტემამ ‘საკუთარი’ უჯრედები უცხო უჯრედებისგან უნდა განასხვაოს. მას უნდა შეეძლოს განასხვაოს ‘არა-საკუთარი’ მოლეკულებიც, რომლებიც უვნებელია - მაგალითად საკვები -, მავნესგან - როგორებიცაა მიკრობები. მნიშვნელოვანია, რომ იმუნური სისტემა საკუთარ ორგანიზმს ან უვნებელ აგენტებს შეცდომით თავს არ დაესხას. 
ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის მისიის შესასრულებლად, იმუნური სისტემა 2 ნაწილისგან შედგება: თანდაყოლილი და ადაპტაციური. ორივე ნაწილი შეთანხმებულად მუშაობს ჩვენი ორგანიზმის დასაცავად. 

თანდაყოლილი (ბუნებრივი) იმუნური სისტემა 
თანდაყოლილი იმუნური სისტემა - იგივე ბუნებრივი იმუნიტეტი - ორგანიზმის დაცვის მთავარი ხაზია. მას თანდაყოლილს უწოდებენ, რადგან დაბადებიდანვე მოგვყვება. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ და ქიმიურ ბარიერებს - კანი, ნერწყვი, ცრემლი, ოფლი და კუჭის წვენი - ასევე ცილებს და იმუნურ უჯრედებს თავდაცვითი მექანიზმით - ‘მშთანთქავი უჯრედები’ იგივე ფაგოციტები, მაკროფაგები და ბუნებრივი მკვლელი უჯრედები.
ბუნებრივი იმუნუტიტის რეაქცია საკმაოდ სწრაფია, თუმცა არ არის სპეციფიკური, ანუ თავს ესხმის ნებისმიერ მიკრობს და უცხო სხეულს, რასაც მავნედ ჩათვლის. შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას არ აქვს ძალა შეაჩეროს მიკრობების გამრავლება. სწორედ, ამ დროს ჩნდება და ერთვება ადაპტაციური ნაწილი.  

ადაპტაციური (სპეციფიკური) იმუნური სისტემა
ჩვენს ადაპტაციურ სისტემას - იგივე სპეციფიკური იმუნიტეტი - შეუძლია ინფექციის გამომწვევი მიკრობის კონკრეტულ სახეობას შეებრძოლოს. ადაპტაციური იმუნიტეტი შეძენილია და თანდათან ყალიბდება.
ადაპტაციური რეაქცია სუსტია, მაგრამ უფრო ზუსტი. მას აქვს უნარი ‘დაიმახსოვროს’ და ამოიცნოს მიკრობი. ანუ, თუ მისთვის უკვე ცნობილი მიკრობი კვლავ დაბრუნდა, ადაპტაციური სისტემა უფრო სწრაფად და ძლიერად მოახდენს რეაგირებას. 
იმისათვის რომ ამ თავდაცვითმა უნარებმა იმუშაონ, ადაპტაციური იმუნური სისტემა შედგება T და B ტიპის სისხლის თეთრი უჯრედებისგან და ანტისხეულებისგან. T უჯრედები თავს ესხმიან უცხო დავირუსებულ ან სიმსივნურ უჯრედებს და ამისათვის, მათ გარსზე არსებულ დეტექტირების სისტემას იყენებენ, რომელიც მიკრობებს ეკვრის.
B უჯრედები გამოყოფენ სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებიც სწრაფად ამოიცნობენ მიკრობებს ან სხვა უცხო აგენტებს, მიეკრობიან და ანეიტრალებენ. ამავდროულად, სხვა იმუნურ უჯრედებს უხმობენ მათ გასანადგურებლად. 

რა ახდენს გავლენას ჩვენს იმუნურ სისტემაზე? 
ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. ზოგიერთ ფაქტორს ვერ ვაკონტროლებთ. მაგალითად: გენეტიკა, სქესი, ასაკი და ადრეული ასაკის მოვლენები. თუმცა, შეგვიძლია ვაკონტროლოთ დიეტა, ცხოვრების წესი - მოწევა, ალკოჰოლის მიღება, ძილი და ფიზიკური აქტივობა - და კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა.

ავტორი: Tiphaine Boulin, ნუტრიციოლოგი